გელას ერთი დღე

გელას მაღვიძარა რეკავს რვა საათზე, მერე ცხრის ნახევარზე, მერე ცხრაზე, ბოლოს ათის ათ წუთზე. გელაც წამოხტება. მაგრად ეჩქარება. ,,უცბაშათ” მოწესრიგდება და სამსახურში ,,გაგაზავს”. მაგარ საცობში მოხვდება იმიტომ რომ ეს ის დროა როდესაც ყველა გელა ერთბაშად გამოდის სახლიდან. გელა ნერვებზე მოიშლება იმიტომ რომ მაგრად აგვიანდება.

გელა სამსახურში  მიდის 10 წუთით ან უფრო მეტად გვიან. პირველი საზრუნავია ყავის/ჩაის დალევა, თანამშრომლებთან საუბარი ყველა თემაზე , შემდეგ გელა  შედის ოთახში რთავს ლეპტოპს და ამოწმებს ფეისბუქს. ფეისბუქის შემოწმება, შემდეგ მეილის შემოწმება, შემდეგ ისევ ფეისბუქის შემოწმება.

ეს ყველაფერი ხდება თერთმეტამდე ან თორმეტის ნახევრამდე. მერე ცოტას წაიმუშავებს მოდის ,,ლანჩის დრო”.  ლანჩის დრო გრძელდება ერთ საათზე მეტხანს. ,,ლანჩს” მონელება უნდა! გელა  სიგარეტის მოწევით, კოლეგებთან დოლარის კურსის, წუხელ გერმანიამ რა გვიყო, რა მაგრები ვართ რაგბიში- ს გარჩევით ასრულებს შესვენებას.

შემდეგ გელა ამ ყველაფრიდან რომ დაბრუნდება ამოწმებს მეილს. იცის რომ არავინ არ მოწერდა იმიტომ რომ გაყიდვებში არ აქტიურობს და ვის უნდა მოეწერა? მაგრამ მაინც ამოწმებს მეილს. ისე რა, პონტის, პონტში. მერე შედის ფეისბუქზე და სქროლავს, მერე კიდევ სქროლავს, მერე ერთ-ორ ვიდეოს უყურებს.  ამასობაში ოთხის ნახევარიც დამდგარა. მერე ნამუსი შეაწუხებს და ერთ -ორ კლიენტთან გადარეკავს ოღონდ ზედაპირულად. მაინც ცდის, იქნებ ვინმე ,,დაგოიმდეს“. ზოგი ეტყვის რომ ,,ოფერი გადმომიგზავნე და შეგეხმიანები”. ამ ყველაფერს პლიუსში ჩაწერს და ჩაინიშნავს, რომ მერე თათბირზე თქვას ან რეპორტში ჩაწეროს თუ რამდენ კაცს გაუგზავნა ,,ოფერი“.   ერთერთ სატელეფონო ზარზე ვიღაც პირდაპირ ,,მიაპაშოლებს” და  ეწყინება,  ეგრევე კოლეგებს მოუყვება თუ რა ,,ვირ  და ბანძ საზოგადოებაში უწევს ცხოვრება”. და დაამატებს რომ გელას  რომ უტარებენ ტრეინინგის, ჯობია რომ კლიენტებს ჩაუტარონ.

ამასობაში ხუთი საათიც მოდის. ბოსმა თუ შემოიხედა ეგრევე საქმიან სახეს მიიღებს და კომპიუტერში ჩარგავს თავს. თან ფურცლების ქექვას დაიწყებს რომ ძალიან დაკავებულის ,,ვიდი” ჰქონდეს. ბოსი მალე გავა. გელა ნელნელა ისევ ამოწევს თავს და რომ დარწმუნდება, რომ ბოსი წავიდა და სიტუაცია უსაფრთხოა შვებით ამოისუნთქებს.  მერე ისევ მეილს ნახულობს რაიმე ხომ არ არის. იცის რომ არაფერი არ არის მაგრამ მაინც ნახულობს რა. რა იცი რა ხდება. მერე საათს დახედავს და… უი რა ხდება, 6 საათი გამხდარა. მერე ჩახედავს გასაკეთებელ საქმეებს და ნახულობს რომ თითქმის ვერაფერი ვერ მოასწრო მაგრამ არაუშავს, მერე რა მოხდა, ხვალე გააკეთებს. გადაწერს ხვალისათვის. თან დაფიქრდება.. შვიდ საათამდე 40 წუთიღაა დარჩენილი და ეხლა ხომ არ დაიწყებს რაიმეს კეთებას. აბა რა აზრი აქვს?! ისევ ფეისბუქზე შევა, მერე ჩასქროლავს, მერე ისევ ჩასქროლავს, თან დაფიქრდება ვიმეს ხომ არ დაურეკოს რომ სადმე ჩაუსხდნენ, თან იცის რომ ფული არ აქვს იმიტომ რომ ვერ მუშაობს, დაბალი გაყიდვები აქვს, მაგრამ ამას ხომ არ აღიარებს. გაახსენდება რომ დოლარს ,,დაერხა’’ და ეგრევე მაგას დააბრალებს. თან ამ ფიქრებში რომ არის გვერდით თანამშრომელს მიუბრუნდება და კითხავს. ,,ისე დოლარს რა სახე აეხა ტო! რა გვეშველება ჰა?”  და გელას კოლეგაც  თავს გადააქნევს, დაეთანხმება. მერე გელას  გაახსენდება რომ სადმე პონტი უნდა აეგდო. აბა სახლში 7 ზე – 8 -ზე მისვლა მაგრად ტეხავს. უსაქმური ხომ არ არის. უცებ გაახსენდება რომ ვაუჩერს თუ იყიდის ,, მაგრად იაფში“ გამოვა. მერე თავისნაირ უხეიროებს გადაურეკავს და იმათგან თუ ,,დაბროა“ მაშინ პონტსაც ააგდებს.

19:00 საათს რომ წუთები დააკლდება ეგრევე სტარტზეა. თან ,,კანჭის მენიუ” და ლუდი ელანდება უკვე. ზუსტად შვიდ საათზე გაგაზავს ეგრევე და აღმოაჩენს რომ სხვა მისი კოლეგებსაც ზუსტად შვიდზე ,,გამოუგაზავთ”. ცოტა სინდისი დაუმშვიდდება. რათქმაუნდა საცობში მოხვდება არადა მაგრად ეჩქარება. გაზიც უთავდება მანქანაში და მაგრად ნერვიულობს. მერე საცობის სურათს გადაიღებს და ატვირთავს კომენტარით ,, ვაჟაზე ნახეთ რა ხდება“. თუმცა კადრში მარტო წინა მანქანის ,,სტოპები“ ჩანს მაგრამ მერე რა მოხდა?! ხალხი ხომ მიხვდება რომ მაგარ საცობშია ! თან გზაში გაერთობა,  ვიღაცეები დაულაიქებენ, ვიღაც დაუკომენტებს და ესე გაიყვანს დროს კანჭის მენიუმდე.

იქვე სადმე დააპარკინგებს და ბარში კარგად მოულხენს. ძმაკაცებთან სხვადასხვა თემას გადაწვდება, გოგოებზე, მანქანებზე, დოლარის კურსიც გაახსენდება და მაგაზეც იწუწუნებს. მერე დედა დაურეკავს და დედას ეტყვის რომ ,,ბიჭებთან არის და მალე მივა“. ბარიდან ,,ჩეკინს გააკეთებს“ და დაწერს რომ მაგრად გრიალებს. მერე კომენტარებით მიხვდება რომ კაი პონტშია, იმიტომ რომ ვიღაცეებს შეშურდებათ და დაუკომენტარებენ ,, აუ გეეელ”.

ბოლოს ღამის პირველ საათზე სახლში მივა. დაწვება და სანამ დაიძინებს ფეისბუქს ჩახედავს, მერე ჩასქროლავს, მერე კიდევ ჩასქროლავს. იმდენს ჩასროლავს სანამ პოსტებს არ ისწავლის ზეპირად. კი იცის რომ თუ არ დაიძინა მეორე დღეს სამსახურში ისეთივე გამოშტერებული და არაპროდუქტიული იქნება, მაგრამ მაინც ჩასქროლავს. ესე ღამის 2 საათზე დაიძინებს და მოემზადება შემდეგი ,,პროდუქტიული“ დღისათვის“.

ძილინებისა გელა!

 

ავტორი: დავით ჩიკვაიძე

You might also like