გელა შეყვარებულია

გელას ღამე კარგად არ სძინავს. ლელაზე ფიქრობს. ლელა გუშინწინ გაიცნო, ახლობლის ქორწილში. ძალიან მოეწონა. მართალია ზუსტად არ იცის, სინამდვილეში ლელა როგორია, იმიტომ რომ ლელას ვიზაჟისტმა საოცრება ჩაიდინა. არაუშავს,  გელას, ლელა ისეთიც მოეწონება, როგორც სინამდვილეში არის.

დილაა, გელას ისევ სამსახურში აგვიანდება. 15 წუთით ადრე გაღვიძება ვერ ,,დაამუღამა“. გელა ისევ საცობშია და თანაც შარშია. იცის, რომ სამსახურთან ვეღარ მიაგდებს მანქანას მეორე ზოლში. ორასლარიანი ჯარიმა არ აცდება. ისე, როგორც  ერთი კვირის წინ დააჯარიმეს და გელას კრედიტებს 200 ლარიანი ჯარიმაც დაუმატეს.

თერთმეტის ოცი წუთია. გელა თავის სამუშაო ოთახში იძურწება. აქეთ იქით იყურება. ეშინია, რომ შეფს არ გადაეყაროს.

გელას უმართლებს, იმიტომ რომ შეფიც აგვიანებს. გელა ფიქრობს, რომ შეფად ყოფნა მაგარია.

გელა კომპიუტერთან ჯდება ყავის ჭიქით ხელში და პროცესორს რთავს. მაგიდაზე ფურცლები ყრია. რა, სად არის, თვითონაც ვერ ხვდება. აქეთ იქით, პატარა ყვითელ ფურცლებზე, პოტენციური კლიენტების ნომრებს ნახულობს. აზრზე ვერ მოდის, რომელი კლიენტების კონტაქტებია, მაგრამ რაც მთავარია უწერია. ადრე თუ გვიან, მოვა დრო და დაურეკავს. ალბათ მაშინ, გეგმაში რომ ძალიან გაიჭედება.

იქვე, თავისი  სადაზღვევო კომპანიის ბროშურებს ნახულობს. 2 წლის წინ დაბეჭდილს.  გელას ახსენდება, რომ იმის მერე პირობები ხუთჯერ შეიცვალა, მაგრამ გელა მაინც ამ ბროშურებით მოძრაობს. აბა ხომ არ გადაყრის. თანაც დიდი არაფერი არ შეცვლილა. ბოლო ბოლო ამ ძველი ბროშურების პირობები უკეთ გამოიყურება ვიდრე ახლის. კლიენტს თუ იშოვის, სიმართლეს მერე შეაპარებს. ნელ – ნელა და უმანკო სახით.

დრო გადის. გელა ზის და ყავას სვამს. საქმეს გულს ვერ უდებს. ლელა ახსენდება. პარალელურად თავისი გაყიდვების გეგმაც ახსენდება, მაგრამ ,,რამეს იზავს თვის ბოლოს“.
ფიქრებით ისევ ლელასთან ბრუნდება. უცებ გონება უნათდება და ფეისბუქზე შედის. ძმაკაცის ქორწილის სურათებში ლელას ეძებს იმ იმედით, რომ იქნებ ლელა ვინმემ ,,დათაგა“. იქნებ ფეისბუქზეც დაიმეგობროს.

გელა გოგოებთან თამამია, ყოველ შემთხვევაში ძმაკაცებმა ასე იციან. გულის სიღრმეში თვითონაც იცის, რომ ეგრე არ არის. ბავშვობიდან ახსოვს, როგორ ეუბნებოდნენ: გადართეთ სხვა არხზე ბავშვმა არ ნახოს, გელა სირცხვილია, გელა ეგ ხომ გოგოა, გელა, არ იცი გოგოს როგორ უნდა მოექცე?

გელას სქროლვისას სახე უბრწყინდება. ლელას სურათს პოულობს, გელაშვილი ყოფილა გვარად. ვიღაცას მართლა დაუთაგავს და მიუწერია ,,აუ ლეეელ“ და ბევრი გულებიც მიუხატავს. იქვეა ლელას პასუხიც. გულები და კოცნები. გელა რწმუნდება, რომ ლელა თბილი გოგოა.

გელა, მაქსიმალურად იკრებს ძალას და ლელას მეგობრობის თხოვნას უგზავნის. პარალელურად მის გვერდზე შედის და სქროლავს, მერე კიდევ სქროლავს. გელა ნერვიულობს. ეშინია, რომ ლელას ვინმე არ აღმოაჩნდეს შეყვარებულის მსგავსი თორემ იმ ტიპს თავს გაუტეხავს.

ერთ სურათში ლელასთან ვიღაც ბიჭი იმაზე ახლოს დგას, ვიდრე ეს გელასთვის დასაშვებია. გელა მაგრად იძაბება და ეხლა იმ ბიჭის პროფილში შედის. უნდა გაარკვიოს რატომ დგას ეს ბიჭი ასე ახლოს ლელასან.  გელა არკვევს, რომ ეს ბიჭი, ლელას ბიძაშვილია და გულზე ეშვება.

გელა კიდევ სქროლავს, ლელას  ფეისბუქის ,,ვოლს“ იკვლევს. იმდენს სქროლავს, სანამ  ჩვილი ბავშვის ლოგოს არ წააწყდება. გელა ფიქრობს, რომ ლელა ახალშობილიც მაგარი საყვარელი ყოფილა, მაგრამ მერე ხვდება რომ ეს ლელას ბავშვობის სურათი კიარა, ფეისბუქის ლოგოა წარწერით ,,Born”.
ამდენ სქროლვაში შუადღის ოთხი საათი გამხდარა. დრო ისე გასულა რომ  მოსაწევადაც კი არ გასულა.გელა ტელეფონს დახედავს. კლიენტებისაგან გამოტოვებულ ზარებს ნახულობს. ახსენდება, რომ ზოგიერთისთვის ინვოისი უნდა გადაეგზავნა და ზოგის ანაზღაურების თემაზე უნდა გაერკვია რაღაც, მაგრამ არაუშავს. ხვალ დაურეკავს და ეტყვის, რომ მთელი დღე თათბირზე იჯდა და მაგარ გადარბენებზეა. საერთოდაც, არც გადაურეკავს, თუ რამეა აქეთ გადმორეკავენ.

გელას ოთახში შეფი შემოდის. გელას ცივი ოფლი ასხამს. გონია, რომ მას უნდა დაელაპარაკოს. იცის რომ არც გაყიდვებში უქნია ღმერთს და არც მომსახურებაში.ისიც იცის, რომ დილით აგვიანებს ხოლმე, მაგრამ მერე ახსენდება, რომ შეფმაც დააგვიანა და გულზე ეშვება.

შეფი, გელას მაგიდასთან ჩერდება. გელა საქმიან საქმეს იღებს და სკამიდან ცოტა ქვევით ჩოჩდება. კლიენტების ბაზას ხსნის და ,,მაუსს“ აქტიურად აწკაპუნებს.  საქმიანი თვალებით ეკრანს აშტერდება. გელას უმართლებს, შეფი გზას აგრძელებს და ბესოსთან მიდის. ბესო, გელას გვერდით ზის. გელას ესმის ბესოს და შეფის საუბარი. შეფი გაყიდვებით უკმაყოფილოა, თან კალამს ნერვიულად ათამაშებს ხელში. გელამ იცის, რომ ეს ცუდის ნიშანია. გელას ერთი სული აქვს  შეფი, როდის გავა ოთახიდან. ჰგონია, რომ გელასთანაც მივა.
გელას, ფეისბუქზე შეტყობინების ხმა ესმის, ალბათ ლელამ თანხმობა გამოუგზავნა მეგობრობაზე. გელას ადრენალინი თავში უვარდება, მაგრამ შეფი იქვეა და გელა ფეისბუქს ვერ ხსნის. გელას მოთმინების ფიალა ევსება. ერთი სული აქვს ფეისბუქს როდის გახსნის. შეფი ოთახიდან გადის. გელა ფეისბუქს მივარდება, მაგრამ იმედი უცრუვდება. მეგობრობის თხოვნა ხვდება, ვიღაც ალი მუსტაფასაგან და ვიღაცას კიდევ რაღაც ჯგუფებში დაუმატებია.გელა ,,გატეხილშია“. იცის, რომ შეიძლება ლელამაც ისე აწვალოს თავიდან როგორც ეს ადრე, მისმა წინა გოგომ აწვალა.

გელა საათს დახედავს. რა დრო გასულა. შვიდს უკლია ათი წუთი. გელას ერთი სული აქვს როდის წავა. გელა კორიდორშია, სიტუაციას ზვერავს. ინტუიცია კარნახობს, რომ შეფი თათბირზეა. ორ წუთში გელა ლიფტშია.. ცუდ ხასიათზეა. აღმოაჩენს რომ ბესოც ლიფტშია. გელა აზრზე ვერ მოდის, თუ ბესომ როგორ დაასწრო ლიფტში შესვლა. წეღან ხომ ოთახში იჯდა და მუშაობდა?!

საღამოს შვიდი საათია. გელა ისევ საცობში ხვდება, ხშირად ასიგნალებს, ნერვებზეა მოშლილი. გზაში რადიოს რთავს ,, შორაპნის ჰანგებს“.  ახლობლებმა არ იციან რომ ამ რადიოს უსმენს, მაგრამ ახლა მარტოა. რადიოდან ნაცნობი სიმღერა ესმის : ,,დარკვეთელო ქალო რა დიდგულა ხარო, წამომყევი სახლში  დედა გავახააროოოთ“

გელა ისევ იწყენს. ლელა ახსენდება, მერე დედა ახსენდება, როგორ ნერვიულობს, რომ გელამ შესაფაერისი გოგო ვერ იპოვა.

გელა სახლში უჩეულოდ ადრე ბრუნდება. დედა მეზობელთან არის, მამა ტელევიზორს უყურებს და თან იგინება. ვიღაცას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელებია. გელას მამა იძახის, რომ კაცს საცვლების ამარა ვეღარ გაუვლია საკუთარ სახლში. არადა იცის, რომ მისი პირადი ცხოვრება არავის არ აინტერესებს, მაგრამ მაინც იძახის, რაიცი რა ხდება. ბოლობოლო ოჯახის უფროსია.

გელა, ლელას ფეისბუქის ვოლს უჯდება  და ისევ ათვალიერებს. აინტერესებს კიდევ ვინმე ხომ არ აწუხებს. გელა სქროლავს, მერე კიდევ სქროლავს. გელა ფიქრებში მიდის. უკვე გიანია. ალბათ ლელა აღარც დაიმეგობრებს.  უცებ, გელას მეგობრობის დასტური მოსდის ლელასგან.

გელა ეიფორიაშია, თვალებს არ უჯერებს. მაშინვე კარგ ხასიათზე დგება. ძალიან უნდა, რომ ლელას რაიმე მისწეროს, მაგრამ უკან რაღაც ექაჩება. საათს დახედავს, ღამის 12 საათი გამხდარა. აბა ასე გვიან ხომ არ მიწერს.  რას იფიქრებს ლელა?!

გელა ისევ სქროლავს, ლელას ვოლს სქროლავს უფრო მეტი პასუხისმგებლობით. ლელამ მეგობრებში დაიმატა, ესე იგი გელა ამ გოგოზე პრაღაც პონტში პასუხისმგებელია. გელა კიდევ ერთხელ ამოწმებს, ლელას ვინმე ხომ არ აწუხებს.

ღამის სამი საათია. გელას ეძინება, მაგრამ მაინც სქროლავს, ბოლოს ისევ იმ ჩვილის ლოგოზე ჩადის. ეხლა უკვე ხვდება, რომ ეს ლოგოა.  გელა ბედნიერია,  გელა შეყვარებულია.

გელა ფიქრებში მიდის და თვლემს. იქნებ გაუმართლოს და ლელა შეხვედრაზეც დათანხმდეს.

გელას უკვე სძინავს,  ლომბარდიდან ცხრაგზის დახსნილი აიფონი უჭირავს ხელში გაბზარული ეკრანით. აიფონი ხელიდან ნელნელა უცურდება და ითიშება. ალბათ ისიც დაიღალა სქროლვისაგან და თანაც დასამუხტია. გელა ტკბილ სიზმრებშია. გელა ხვალინდელი დღის მოლოდინშია.  გელა შეყვარებულია.

ძილინებისა გელა.

 

ავტორი: დავით ჩიკვაიძე

You might also like