გელას კომპანია იყიდება

    დილაა. გელა ისევ საცობშია. ისევ აგვიანებს.
საცობში ფეისბუქს სქროლავს, სიგნალებით ხვდება, რომ შუქნიშანზე ყველა ფერი აინთო და ჩაქვრა. საპასუხოდ თვითონაც ასიგნალებს, აბა სხვას ხომ არ შეარჩენს სიგნალს. ან რატომ უნდა შეარჩინოს?!

   გელა სამსახურში აგვიანებს, მაგრამ როდესაც შედის, მის დაგვიანებას ყურადღებას არავინ აქცევს. თანამშრომლები ჯგუფებად არიან შეკრებილები და რაღაცეებს ჩურჩულებენ.
გელას თავში ათასი იდეა მოდის: „ვინმე ხომ არ გარდაიცვალა? საგადასახადო ხომ არ შემოვიდა? ან კიდევ იმ კლიენტმა ხომ არ დარეკა, გუშინ რომ ვაგინე და გაუთიშე?“
გელა სამზარეულოში შედი, ყავას ისხავს და თან კითხულობს – ,,რა ხდება, ტო? რა სახეები გაქვთ?“
„შენ რა არ იცი რა ხდება? ჩვენი კომპანია გაიყიდა და ვინც გვიყიდა იმასთან მოხდება მერჯინგი“- პასუხობენ გელას.

       გელა ხვდება, რომ სიტყვა ,,მერჯინგი“ კარგს არაფერს არ მოასწავებს მისი კარიერისთვის, და სიგარეტს უკიდებს. აშკარად გრძნობს, რომ აწი მისი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლება.
გელა ნერვიულობს. მერე კიდევ უფრო მეტ კითხვებს სვამს: „ვინ გვიყიდა? რა პონტში? ჩვენები სად არიან? ვინც გვიყიდა კარგი ტიპები არიან?“. მერჯინგზე კითხვას ვეღარ სვამს, არადა კვდება ისე აინტერესებს რა ჯანდაბაა ეს ,,მერჯინგი“. მერე ახსენდება, რომ ინგლისურს ცუდად სწავლობდა, და გული წყდება.

         უცებ შემოსასვლელში ჩოჩქოლი ტყდება, ჩურჩული ისმის: „აი მოვიდნენ…“ გელა შემოსასვლელში გადის და ხედავს, რომ მისი ,,მთლად“ უფროსი ვიღაც ჰალსტუხიანებთან ერთად თავის კაბინეტისაკენ მიიჩქარის. თანამშრომლები ესალმებიან და თან ახალ ტიპებს უყურებენ, აინტერესებთ თუ რომელი ჰალსტუხიანია მომავალი უფროსი. ვიღაცები განსაკუთრებით ზრდილობიანად ესალმებიან ,,ახლებს“. რა იცი რა ხდება და სად გამოადგეთ პირველი შთაბეჭდილება.

        გელა ინსტინქტურად სამზარეულოში შედის, რომ შეფმა არ დაინახოს და დაგვიანებაზე არ უსაყვედუროს. მერე ახსენდება, დიდი ,,მერჯინგი“ იწყება და გელასთვის არავის სცხელა.
გელა ყავის ჭიქით თავის განყოფილებაში ბრუნდება. კარებთან აწერია ,,გაყიდვების დეპარტამენტი“. განყოფილებაში არეულობაა, ყველა ამ ,,მერჯინგზე“ ლაპარაკობს.

        „გელა გაიგე რა შარში ვართ?“- ეკითხებიან გელას. გელაც თავს უქნევს და თან გუგლში შედის და სიტყვა ,,მერჯინგს“ ეძებს. მნიშველობას კითხულობს და ხვდება რომ მაგარ შარშია. ხვდება, რომ ,,მერჯინგი“ ლათინური სიტყვაა და შემცირებებს და ახალ უფროსობას ნიშნავს.

          გელა ისევ კოლეგების საუბარს უბრუნდება. ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოისმინოს. კოლეგები ათას ჭორ-მართალს ყვებიან. ზოგი ამბობს, რომ შემცირებები დაიწყება, ზოგიც ყვება, რომ ახალი შეფი გუშინ გაიცნო, მისი ,,ვოლი“  ,,დასერჩა“ და  მაგათი ბუღალტერის, მანანას სიძე აღმოჩნდა.

        გელას ახსენდება, რომ ბუღალტერი მანანა ვერ იტანს. გელა ყოველთვის არასწორ ინვოისებს აძლევს. აი, ცოდვებმა სად უწია! ფიქრობს, ხომ არ ,,შეეტენოს“ მანანას, მაგალითად, მოიკითხოს. მერე ხვდება, რომ გელამდე ბევრი ეცდებოდა მანანასთან ,,ურთიერთობების დალაგებას“, და ამ ჩანაფიქრსაც თავს ანებებს.

        ამასობაში საღამოც ახლოვდება. ყველა თანამშრომლის მეილზე შეტყობინება მოდის. საღამოს 18:00 სთ-ზე თათბირია დანიშნული და უკლებლივ ყველა თანამშრომელი უნდა დაესწროს.

      ყველა ნერვიულობს და ოფისში საქმეს აღარავინ აკეთებს. ერთადერთი დამლაგებელ ნათელას უხარია –  პირველად ესწრება თათბირს და ინტერესით ელის.

      საღამოს თათბირი იწყება. შეხვედრების ოთახი სავსეა. ბევრი ფეხზე დგას. აქა-იქ ნერვიული სიცილები ისმის. ხალხი მოლოდინშია. ,,მთლად“ უფროსის მდივანი აქეთ-იქით დარბის და საორგანიზაციო საკითხებს ალაგებს. ,,ბოსები“ აგვიანებენ და 15 წუთის მერე შემოდიან ჰალსტუხიანებთან ერთად. ჰალსტუხიანები იღიმიან, აი ისე, კარგი ტიპის შთაბეჭდილება, რომ უნდათ დატოვონ ახალ თანამშრომლებთან. ვითომ არაფერი ხდება.

         გელა უკანა რიგებში დგას და ნერვიულობს, ცდილობს, უფროსებს არ მოხვდეს თვალში, არ შეამჩნიონ. იქნებ საერთოდ დაავიწყდეთ გელას არსებობა.

     თათბირი დაიწყო. ძველი ბოსები სტანდარტული სიტყვებით გამოდიან და მადლობას უხდიან თანამშრომლებს თავდადებული შრომისათვის, შემდეგ აანონსებენ, რომ კომპანიის ,,უფრო გაძლიერების“ მიზნით სხვა კომპანიას შეუერთდნენ. შემდეგ სიტყვას ახალ ხელმძღვანელობას გადასცემენ.

       ჰალსტუხიანები სიტყვით გამოდიან და იძახიან, რომ პირველ რიგში მათთვის უმნიშვნელოვანესი იქნება არსებული თანამშრომლების შენარჩუნება.

       დარბაზში არავის სჯერა ,,ჰალსტუხიანების“ სიტყვების. იციან, რომ ზოგიერთს შეამცირებენ, მაგრამ გულში მაინც იმედის ნაპერწკალი უჩნდებათ.

     თათბირი მალე სრულდება და დარბაზი ცარიელდება. მარტო დამლაგებელი რჩება დარბაზში.

     გელაც სახლში ბრუნდება, უხასიათოდ არის. გული ცუდს უგრძნობს. რომ შეამცირონ მერე სად წავიდეს?! ვინ მიიღებს, ისედაც ამდენი უმუშევარია?! ამდენ სესხებს რა უყოს?!

    გელამ იცის, კომპეტენციებიც არ აქვს ისეთი, რომ ახალ ხელმძღვანელობას მოაწონოს თავი. იქნებ ლელას გულის მოგება მაინც შეძლოს… მერე იმასაც ხვდება, თუ შეამცირეს, ლელას პაემანზე ვეღარ დაპატიჟებს, ყვავილებსაც ვერ უყიდის. ამაზე უფრო ნერვიულობს და სიგარეტს-სიგარეტზე ეწევა.

    გელა უკვე სახლშია. ფეისბუქს უზის და თანამშრომლებს ეჩათავება მესინჯერში. ინფორმაციებს აგროვებს. ათას ჭორ-მართალს. აბსუს, ბუღალტერ მანანასთან მაინც ყოფილიყო ახლოს, ხომ მოიგებდა ახალი ხელმძღვანელობის გულს?!

   ამ მიმოწერებში შუაღამე დგება. გელას ეძინება, მაგრამ ახალი უფროსების ვოლს სქროლავს, იქნებ ვინმეს წააწყდეს საერთო მეგობრებში და მეტი ინფო გაიგოს. გელამ იცის, რომ მისი სამეგობრო ძალიან განსხვავდება ახალი ბოსების ,,ფრენდ ლისტისაგან“, მაგრამ მაიცს სქროლავს. იმდენს სქროლავს, რომ სქროლვაში და ძიებაში ეძინება. წინ მძიმე დღეები ელის…

   ძილინებისა, გელა.

ავტორი: დავით ჩიკვაიძე

You might also like